მთავარი > ანალიტიკა > ზ.გამსახურდია სარწმუნოების, ეკლესიის, ზეობრიობისა და სულიერების შესახებ

ზ.გამსახურდია სარწმუნოების, ეკლესიის, ზეობრიობისა და სულიერების შესახებ



შინაარსი:• დილემა კაცობრიობის წინაშესუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდაპასუხი გაზეთ „სამანის“ გ.ანდრიაძეს

მახვილი მხილებისა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციას 1990

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

გადაიტვირთეთ PDF >>>
ნახეთ Scribd-ზე >>>

ივანე ჯავახიშვილი: „საქართველოში იურისპრუდენცია
უნდა აღმოცენდეს მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების
დოგმებისა და რუის-ურბნისის კრების საფუძველზე
“.

დილემა კაცობრიობის წინაშე

ზვიად გამსახურდია

„რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,
ნექტარიც წავიღე და შხამიც რამდენი…“
ეპიტაფია

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე.

რა დილემაა ეს? იგი, ცხადია, უეცრად, თავისთავად არ აღმოცენებულა. მან განიცადა ევოლუცია, როგორც ყველაფერმა გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში; მას მხოლოდ რჩეული გენიოსები აღიქვამდნენ და განიცდიდნენ მთელი სიმწვავით. მათ შორის უდიდესთა წვა და მარტვილობა, ხოლო ზოგჯერ კატასტროფაც ამ დილემასთან იყო დაკავშირებული. მათ დაინახეს მთელი სიცხადით, რომ ამ დილემისათვის გვერდის ავლა, ან მისთვის თვალის ვერგამართვა გამოიწვევს პიროვნების თუ საზოგადოების სრულ დეგრადაციას, მიგვიყვანს სამყაროს სრულ დეჰუმანიზაციამდე და დაღუპვამდე. ასევე შემზარავი იყო მათთვის გაცნო­ბიერება იმისა, რომ ამ დილემის დიდმნიშვნელოვანების მიფუჩეჩებას და ყოველგვარ ნიველირებას ცდილობდა არაერთი წამყვანი მეცნიერული თუ აზროვნებისმიერი მიმართულება იმ საუკუნისა.

ხოლო ის ერთეულები, ვინც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა გაბატონებულ გაგებას მორალისას, სულიერი ღირებულებებისა თუ აზროვნებისმიერ ჩვევებისას, როგორც წესი ფიასკოს განიცდიდა და საუბარს იწყებდა საუკუნისათვის გაუგებარ ენაზე, რითაც კარგავდა კაცობრიობის ბედ-იღბალზე ზემოქმედების რეალურ საშუალებას.

რა დილემაა ეს დილემა, რომელიც ისტორიულად ესოდენ აღაშფოთებდა ადამიანურ სინდისს, ხოლო დღეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის ძირითად ფაქტორად ქცეულა? ამ დილემას სჭვრეტდნენ ჯერაც უძველეს ხალხთა ბრძენნი და მოძღვართ მოძღვარნი, რომელთა ნააზრევი და ნაგრძნობი ესოდენ დიდებულად აისახა კაცობრიობის საკრალურ წიგნებში. ოღონდ სიმწვავე ამ დილემისა მაშინ როდი იყო ესოდენ საცნაური. შეიძლება ითქვას, რომ იმჟამად ადამიანისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა გადაწყვეტა ამ დილემისა; მართებული, ცხოვრებისეულად გამართლებული გზის არჩევა პიროვნულ ან საზოგადოებრივ ყოფაში უნებურად ხდებოდა. იმჟამად ბრძენთა ავტორიტეტი, დიდი რელიგიების ფუძემდებელთა საკრალური პრაქტიკა საჩინოს ჰყოფდა გზას სიქველისას, ჭეშმარიტებისა, რომელსაც მხოლოდ შლეგი, ან მორალურად გადაგვარებული თუ შეაქცევდა შეგნებულად ზურგს; ამიტომაც ფსალმუნთა შექმნის ეპოქაში ათეიზმი და უგნურება სინონიმად ითვლებოდა: “სთქვა უგნურმა გულსა თვისსა შიგან – არ არს ღმერთი“. (თუმცა დღევანდელ ეპოქაში, ფსევდოინტელექტუალური “ინტელიგენციისათვის“ უგნურების სინონიმად რწმენა ქცეულა).

ჟამთა ვითარებაში შეიცვალა განგების მიმართება კაცთა მოდგმისადმი. ადამიანთა ევოლუციისათვის საჭირო გახდა ჭეშმარიტებისა და სიკეთის გარდა თავისუფლების გაგება და განვითარება. ამანვე გამოიწვია თავად დილემის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, საბედისწერო გახდა ეს დილემა: რწმენისა და ურწმუნოების, სულიერ ღირებულებათა აღიარებისა ადამიანთა მიერ და მეორეს მხრივ, ამავე ღირებულებათა ზურგის შექცევისა და მათი მივიწყებისა.

განგებამ და ეპოქამ მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად იქცეს. ამიტომაც გაქრნენ ისტორიის არენიდან დიდი წმინდანნი და მოძღვართ მოძღვარნი, ამიტომ შესუსტდა რელიგია, ამიტომ გაძლიერდნენ ყოველგვარი ცთომილებანი აზროვნებისა და მსოფლ­მხედ­ველობისმიერნი. გაძლიერდა ჯერ სკეპტიციზმი, შემდეგ კი ნიჰილიზმი, საბუნებისმეტყველო აზროვნების სფეროში ფეხი მოიდგა მატერიალისტურმა ცთომილებამ, ფილოსოფიაში რაციონალიზმმა, პოზიტივიზმმა და „იზმებმა“, სახელი მათი ლეგიონია.

ყოველივე ამან გამოიწვია დილემა აზროვნების, მორალის, ეთიკის, კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების სფეროში. თუმცა მე-20 საუკუნემდე, როგორც ვამბობდი, ყოველი ადამიანისათვის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად როდი გამოკვეთილა ამ დილემის სიმწვავე.

დღეს კი საკმარისია თვალი გადავავლოთ ცხოვრებას ჩვენი საუკუნის ცივილიზებული კაცობრიობისა, ნათელი გახდება თუ რაოდენ გამწვავდა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი აღქმა ზემოხსენებული დილემისა. დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის თუ მორალის სფეროში: ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენ კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად კეთილი გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და ობიექტურად აუცილებელი „კანონზომიერების“ შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის მატერიის ქაოტურ ძალთა მოძრაობის პროდუქტი, რომელსაც, შესაძლოა ასეთივე შემთხვევითი განადგურება უწერია; ამასთან თეორიულად ყოველივე ამის აღიარებამ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულ გარდაქმნამდე. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეისთვის და არა ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის. ჩვენ უდა გავიღოთ მსხვერპლი, არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს მაღალ მრწამსს, თუნდაც რომ სიკვდილის წიაშე მოგვიხდეს წარდგომა. ეს იქნება პრაქტიკული დადასტურება ჩვენს მიერ ჩვენი უმაღლესი მოვალეობის გაგებისა. ამით მიეცემა ჩვენს ყოფას აზრი (პირველქრისტიანების კრედო); ან ვაღიაროთ საპირისპირო – ადამიანი შემთხვევითობის ან მკვდარი, უმიზეზო აუცილებლობის პროდუქტია, რომ არავითარი რეალური გონიერება არ არსებობს სამყაროს ევოლუციასა და ადამიანთა ისტორიაში. ვაღიაროთ, რომ კოსმოსი არის შემთხვევითობათა უსასრულო ქაოსის დროებითი, შემთხვევითი მოწესრიგებული ფორმა, ისე როგორც ჩვენ ვართ დროებითი, შეკოწიწებული ფორმა მატერიის უმიზნო გავითარებისა და რომ ეს ფორმა ჩვენთვის ისეთივე შემთხვევითი და წარმავალია, როგორც სფერული ფორმა საპნის ბუშტისათვის; ხოლო ამგვარმა თეორიულმა შეხედულებამ პრაქტიკაში უნდა მიგვიყვანოს შემდეგ დასკვნებამდე: რახან ყველაფერი შემთხვევითობაა, რახან ჩვენს ცხოვრებას არავითარი უზენაესი აზრი არ გააჩნია, ზურგი უნდა ვაქციოთ ყოველგვარ იდეალებს, უზენაესზე ფიქრს, ვიცხოვროთ მხოლოდ დღევანდელი დღით, ჩვენი სონატური მოთხოვნილებების, სურვილებისა და ვნებების დაკმა­ყოფილე­ბებისათვის, ამსოფლიური კეთილდღეობისა და კომფორ­ტისათვის, თავი არ შევიწუხოთ მოქალაქეობრივ ვალზე, ღმერთზე და მოყვარეზე ფიქრით, მივყვეთ ცხოვრების დინებას, ვეძებოთ “მშვიდი ცხოვრება“, ამქვეყნიური ბედნიერება, ვინაიდან ჩვენს არსებობას სხვა არავითარი დანიშნულება არ გააჩნია:

“ვაი ჩვენს პატრონს, ჩვენი ყოფის თავი და ბოლო ჭამა და
საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ“. მ.მაჭავარიანი

ან ვაღიაროთ, რომ უზენაესი რეალურად არსებობს, არსებობს მორალის გაგება, სრულყოფილი ეთიკა, რომლის განხორციელებასაც უნდა მიელტვოდეს ადამიანი, რომელსაც სურს აღსრულება თავისი ამსოფლიური მაღალი დანიშნულებისა. ან ვაღიაროთ, საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ ამ ცნებებს. ერთადერთი მისაღები და ცხოვრებისეულად გამართლებული ფორმაა ადამიანთა ყოფისა ცხოველურ ყოფასთან დაახლოება: ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტების და ვნებების დაკმაყოფილება.

აქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხრივ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა! ჩვენ ვამტკიცებთ: მე¬20 საუკუნის ადამიანს გაუმწვავდა აღქმა შეგრძნება ამ დილემისა. ამავე დროს ცხადია: ადამიანური ცნობიერების ამ განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ დილემის აღქმა სხვადასხვაგვარია და მასზე რეაგირებაც. ამას განაპირობებს აგრეთვე სოციალური მდგომარეობაც, ბიოლოგიური სრულ­ფასოვნება – არასრულფასოვნება, მატერიალური და ეკონომიური პირობები, რასული თუ ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აბსოლუტიზირება რომელიმე ფაქტორისა. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ სურათიც უაღრესად ნაირგვარია.

ჩვენი გაგებით ამ დილემის გაუცნობიერებლობა არანაკლებ დამღუპველია ადამიანისათვის, ვიდრე მისთვის შეგნებულად ზურგის შექცევა, ვინაიდან ქვეცნობიერად, ინსტიქტურად ყველა ადამიანი გრძნობს მის დიდმნიშვნელობას და ბედითობას.

არსებობს ადამიანთა განვითარების უსასრულოდ ნაირგვარი დონეები. დღევადელი დიდი ადამიანისათვის კი დილემის პირისპირ არ არსებობს ჭოჭმანი. მათ იმთავითვე აირჩიეს ამ დილემის პირველი მხარე (ცხადია, მათაც ინდივიდუალური მიდგომითა და ნიუანსებით). ღრმა რელიგიურობა, ჭეშმარიტად იდეალისტური მსოფლმხედველობა დამახასიათებელია მათი უმრავლესობისათვის. მათი მორალი, ეთიკური სრულყოფა, მათი თავდადება იდეალისათვის, მათი ცხოვრებისეული მარტვილობა მისაბაძია კაცობრიობის შეგნებული ნაწილისათვის. ეს დიდი ადამიანები იმგვარად როდი იტანჯებიან, როდი განიცდიან იმგვარ ქენჯნას, როგორც ნიცშე ან ტოლსტოი, რომელთა შინაგანი ბრძოლა იმაზე მიგვანიშნებდა, რომ ისინი მაინც ვერ იდგნენ მყარად თავის ნიადაგზე, მაინც მსხვერპლნი იყვნენ იმ გაორებისა, რომელმაც საუკუნის სენად იჩინა იმჟამად თავი. მე-20 საუკუნის მნათობნი კი ტიტანური ურყეობითა და იდეალის სამსახურში თანმიმდევრობით გვაოცებენ. მათი მარტვილობა არა მათი პირადული ქენჯაა, არამედ ურვაა კაცობრიობისათვის. მათი აზროვნება არ ვარდება ურთიერთის გამომრიცხავ უკიდურესობებში და შემდეგ ქაოტურად არ იბინდება კვლავ ახალი სინთეზის ძიებაში. მათი მოქალაქეობრივი მრწამსი უქცევია ისევე, როგორც მათი გადაწყვეტილება საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა კაცობრიობის საკურთხეველზე. აი როგორია დღევანდელი დიდი ადამიანების მიმართება კაცობრიობის წინაშე მდგარი დღევანდელი დილემისადმი. ამით ისინი უფრო ძველი ეპოქის მოძღვრებსა და წმინდანებს ჰგვანან, ვიდრე მე-19 საუკუნის გაორებულ გენიოსებს. ე.წ. დისიდენტური მოძრაობა დღევანდელ საბჭოეთში ამ დიდი ადამიანების კვალს მისდევს. დისიდენტებმა აირჩიეს პირველი მხარე ამ დილემისა, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და გაბედულებით. უთუოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ შორისაც არის დონეები მსხვერპლის გაღებისა, ჭეშმარიტი გზის არჩევისა, ამ გზაზე გამბედაობისა თუ შორსმჭვრეტელობისა. იგივე გახლავთ მიზეზი მათ შორის პაექრობისა და ზოგჯერ შუღლისა. ჩვენ აქ კონკრეტულ მაგალითებს აღარ მოვყვებით, რათა რომელიმე პიროვნება არ გავანაწყენოთ ან შეცდომა არ დავუშვათ კონკრეტულ შეფასებაში.

საბედისწერო დილემის წინაშე გმირულად იდგნენ აგრეთვე მე-20 საუკუნის მისიონერები. ისინი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში… ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი ჭეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონის შესახებ.

ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისა, მარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლია­ნობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი.

შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებული მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვარებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: „შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი?»

დიახ, დიახ მეგობრებო, ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიონერებო, ისტორიაში მუდამ მცირენი იყვნენ უმაღლესი სიკეთისა და ჭეშმარიტებისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვანებას წყვდიადისას! დიახ, მარად ასე იყო: ჭეშმარიტების მშვენება და სიდიადე იმით როდი განისაზღვრებოდა, თუ იმთავითვე რამდენი იგებდნენ ან აფასებდნენ მას! მაგრამ განგების კეთილი ნება ისტორიის საჭეს სწორედ ამ მცირერიცხოვანთა გეზს უქვემდებარებდა და არა ქაოსის უზომობასა და უსახობას.

გადავხედოთ კაცობრიობის დღევანდელ ყოფას. განა ახსოვს რომელიმე საუკუნეს 2 საბედისწერო მსოფლიო ომი, მესამე მსოფლიო ომის ესოდენ რეალური საფრთხე, გამუდმებული შფოთისა და სისხლისღვრის ამდენი კერები?! რას მივაწეროთ დღევანდელი ადამიანის უგუნურება, სასოწარკვეთა, გაველურება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით? რას მივაწეროთ ის, რომ ამ ნიჰილიზმმა, თვითუარყოფამ, ყოველგვარ სულიერ ღირებულებათა იგნორი­რებამ ფილოსოფიურად შექმნა საკუთარი, ათეისტური ეგზისტენ­ციალი­ზმის სახით, ხოლო ადამიანის პირუტყვული მოთხოვნილებელის აბსოლუ­ტიზაციამ, ეკონომიკურ ღირებულებათა განვითარების მიხედვით ქცევამ – შექმნა თავისი ფილოსოფია მარქსიზმის სახით? რას მივაწეროთ ის, რომ დღეს ბიოლოგიური სრულყოფისაკენ სწრაფვას, შეიქმნა იდეოლოგია ბიოლოგიური და რასული უპირატესობისა.

ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ კაცობრიობის მასა უძლური აღმოჩდა ამ უმძიმესი დილემის წინაშე, მასას დილემის მეორე მხარე აარჩევიეს, ზურგი აქცევინეს ყოველგვარი სულიერი იდეალებისგან და ამის შედეგად მან ღმერთკაცობის წილ არჩია გზა მხეცკაცობისა, ბესტილიზმისა, თუმცა ამ დამღუპველი გზისათვის გამოგონილ იქნა ათასგვარი სახელები: “სოციალური პროგრესი“, “ეკონომიკური კეთილდღეობა“, “კაცობრიობის რასული დახვეწა“ და სხვა.

საგულისხმოა, რომ ამ ტენდენციებმა უმთავრესად სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს დაასვეს დაღი, თუმცა ლიტერატურა, მეცნიერება და თვით რელიგიაც არ დარჩენილა მათი გამხრწნელი ზეგავლენის კიდეგან: ლიტერატურაში ვულგარული ნატურალიზმი, უხეში სოციოლოგიზმი, ფსიქო­ანალიზურ ჭუჭყში ქექვა, ფროიდიზმი, რასიზმი და ყოველგვარი პათოლოგიის აპოლოგია, ფსევდომოდერნიზმის, “ანტილიტერატურის“ აღმოცენება. აი, საგანგაშო მეტასტაზები ამ სენისა. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ვულგარული მატერიალიზმი და მარქსიზმი, მატერიალური დარვინიზმი, ე.წ. რასისტული ეთნოგრაფია, ტექნოლოგიური პროგრესის იდეალიზაცია, კიბერნეტიზმის ცალმხრივი, არასპირიტუალური განვითარება, გენური ინჟინერია, ნუკლეანური ფიზიკის უკონტროლო განვითარება და სხვანი – აი, სავალალო შედეგი ამ სენისა.

ყოველივე ეს პიროვნებაში ქვეცნობიერ პროტესტსა და ამბოხს ბადებს, მიუხედავად ამ პიროვნების განვითარების დონისა, ასაკისა, ინტელექტუალურ-მორალური მონაცემებისა. როგორც ზემოთ ვამბობდით, კაცობრიობის მასსამ ან ვერ აღიქვა, ან – ცნობიერად აქცია ზურგი ზემოხსენებულ მწვავე დილემას. მაგრამ განა იგი განთავისუფლდა ამ დილემისგან? სწორედ ამის შემდეგ იქცა მისთვის ეს დილემა დამღუპველ ძალად, მისი პიროვნების გადამგვარებელ ფაქტორად; სწორედ ამან განაპირობა მის ცხოვრებაში რთული ქაოსი და ანარქია და აი, ღირსშესანიშნავმა შედეგმაც არ დააგვიანა. განა შემთხვევითია, რომ სწორედ მე-20 საუკუნეში აღმოცენდა ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობა, არნახულად გაგვრცელდა ნარკომანია ათასგვარი სახით (დასავლეთის ქვეყნებსა და აზიაში), ალკოჰოლოზმი (საბჭოთა კავშირში), გამრავლდა თვითმკვლელობა, არნახულად გაიზარდა დამნა­შავეობა, ტერორიზმი (ესპანეთი, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ორივე ამერიკა), დივერსიებისა და ხანძრებისაკენ მიდრეკილება (საბჭოთა კავშირი), არნახული პათოლოგიური გარყვნილება (დასავლეთ ევროპა) და სხვა.

სახის ამგვარი დაკარგვა ადამიანის მიერ გახლავთ შედეგი სწორედ იმისა, რომ დღევანდელმა ადამიანმა ვერ ჰპოვა გამოსავალი ამ რთული დილემის წინაშე, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში იგი ავლენს ქვეცნობიერ პროტესტს საკუთარი თავის წინააღმდეგ. იგი სასოწარკვეთილია იმით, რომ ვერ ჰპოვა გზა ჭეშმარიტი, რომელიც წილად ჰხვდა მას დაბადებით, რამეთუ კაცი ყოველი ხატი არის ღვთისა.

დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალის სამსახურისა, გზა საღვთო ქალაქის მოქალაქეობისა, სადაც უნდა გამეფდეს სიყვარული, ჭეშმარიტება და სამართლიანობა.

მაგრამ კაცობრიობა გზას ააცდინეს მტრულმა ძალებმა, მცდარმა მსოფლმხედველობებმა, დემაგოგიურმა სოციალურ-პოლიტიკურმა მიმდინარე­ო­ბებმა. ნაცვლად ამ იდეალებისა მას დაუსახეს იდეალი ამსოფლიური კეთილდღეობისა, პრაქტიკული სარგებლიანობისა, სოციალურ-ეკონომიკური “სამოთხისა“. აი რამ დააბნია იგი და სასოწარუკვეთა მას ესოდენ ძლიერ!

სოციალიზმის დემაგოგია, უწინარეს ყოვლისა, ყოველი ადამიანის სულის კუნჭულში და დაშვებულ პატივმოყვარეობაზე მოქმედებს. თანასწორ­უფლები­ანობის ქველი იდეა მასას მიაწოდეს იმგვარად, თითქოს ადამიანს დაბადე­ბითვე არ სჭირდებოდეს ინტელექტუალური და მორალური ევოლუცია და , მაგალითად ყოველ მზარეულს იმთავითვე გააჩნდეს თითქოს სახელმწიფოს მმართველის უნარი და გამოცდილება. ამან დაბადა საოცარი თვით­კმაყოფილება და რეალობის გრძნობის დაკარგვა. ადამიანმა თავისი თავი დაინახა მოჩვენებით მწვერვალზე და ამით დაკარგა აღმასვლის ყოველგვარი სურვილი და მოთხოვნილება. თვით უკიდურეს სიღატაკეს შეექმნა ილუზია უკიდურესი სიმდიდრისა. დემაგოგთა ეს ილუზიონიზმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულიერ გაღატაკებას რომ თავი დავანებოთ, ხორციელად უკიდურესად გაღატაკებულნი თავს უმდიდრესად თვლიან მატერიალური თვალსაზრისითაც კი. თუმც აპათია უფრო გაძლიერდა და ველურმა ინსტიქტებმა უფრო აიშვეს. სოციალიზმმა ადამიანს მისცა მოჩვენებითი და მზამზარეული კაცღმერთობა, რითაც დააკმაყოფილა პატივმოყვარეობა, ხოლო ღმერთკაცობის ნამდვილი გზისკენ სამუდამოდ დაუხშო გზა.

განა ეს დილემა არ სტანჯავდა შავნაღვლიან პრინცს დანიისას? განა მას არ აეჭვებდა შესაძლებლობა უმაღლესთან სპირიტუალური ზიარებისა, საიქიოს რეალობისა, განა იმიტომ არ ქენჯნიდა იგი საკუთარ თავს, რომ ამქვეყნიური საწუთრო კეთილდღეობის სრულ დათმობას მოითხოვდა მისგან, ვალი მოყვასის წინაშე, ვალი სამართლიანი შურისძიების აღსრულებისა? განა ამიტომ არ აირჩია მაშინ დროებითი ყოფნა, განა არყოფნისაკენ ნაბიჯი იმპულსურად არ გადადგა სისხლისღვრის ექსტაზში შესულმა?

განა ამ დილემის სიმწვავემ არ გალია ლამანჩელი რაინდი და ლანდს არ დაამსგავსა იგი, საოცნებო აჩრდილთა სამყაროდან გადმოხვეწილს ამ ცოდვილ დედამიწაზე? განა ამ დილემას არ ანაცვალა ფაუსტმა მაგიით მოპოვებული უმაღლესი სპირიტუალური კეთილდღეობა, განა ამიტომ არ დასდო პაქტი სატანასთან, რათა ზიარებოდა საწუთროს წარმავალ ბედნიერებას? განა დონ-ჟუანს საიქიოდან მობრუნებულმა კომანდორმა არ შეაცვლევინა გეზი ჩვეული ყოფა-ცხოვრებისა, რომელსაც იგი მანამდის ერთადერთ გამართლებულ გზად სთვლიდა? განა ამ დილემასთან ბრძოლაში არ გადაიჩეხა ფრიდრიხ ნიცშე კაცთმძულვარებისა და ღვთის უარყოფის უფსკრულში? განა ლევ ტოლსტოისათვის ეს მარადიული დილემაც ამსოფლიურად არ გამოიხატა ერთის მხრივ საგრაფო მამულისა და მეორეს მხრივ, ოპტინას უდაბნოს სახით? განა ამ დილემას არ გაექცა იგი ოპტინას უდაბნოში? ყოველივე ამის შედეგად განა ცხადი არ არის რომ ახალი დროის გარიჟრაჟზე ადამიანის განწყობილება და ქმედება სხვაგვარი იყო მარადიული დილემის წინაშე, ვიდრე ძველი ეპოქის კაცთათვის? დავაკვირდეთ ჩვენს თანამედროვეობას და ცხადი გახდება, რომ დღესაც სხვაგვარია სპეციფიკა დილემის წინაშე დგომისა და მისი განცდისა.

შეიქმნა უკიდურესობები პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების გაგების სფეროში.

ერთის მხრივ ტოტალიტარიზმის მიერ ვნებადახშული უხეში ძალადობით გაოგნებული და აპათიაში ჩავარდნილი მასა, რომელსაც თავისუფლების არათუ შეგნება, არამედ იოტისოდენა მოთხოვნილებაც კი არ გააჩნია. დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის მიერ მონუსხული ბრბოს მსგავსად, თავისუფლებისაკენ სწრაფვას იგი უკეთეს შემთხვევაში უცნაურობად, სიგიჟედ ან კიდევ უფრო უარეს რამედ სთვლის. ნურავინ იფიქრებს, რომ, მაგალითად, საბჭოთა კავშირში მხოლოდ მმართველ წრეებს დაებადათ იდეა თავისუფლებისმოყვარე ადამიანების სულიერ ავადმყოფებად გამოცხადებისა. ეს ფსიქოლოგია თავად მასაში შემუშავდა თავდაპირველად, იმდენად წარმოუდგენელი იყო სახელმწიფო ტერორისა და ტოტალიტარიზმის ხუნდების წინააღმდეგ რაიმე ამბოხი “ჭკუათმყოფელი“ ადამიანისათვის. სახელმწიფოს მესვეურებმაც კარგად გაუგეს მასის ამგვარ ფსიქოლოგიას და არ დააგვიანეს ფსიქიატრიული რეპრესიები, რაც საქმით “განამტკიცებს“ მასში მოარულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ვინც აღიმაღლებს ხმას სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის, სულით ავადმყოფია.

მეორეს მხრივ, დასავლეთში შეიქმნა უკიდურესობანი დემოკრატიული თავისუფლების სფეროში, მწარმოებლობის სფეროში, რამაც გზა მისცა არა მხოლოდ პიროვნების აღვირახსნილობას, არამედ სოციალურ ქაოსს, იდეოლოგიურ კრიზისს დასავლეთისას, რომელმაც უკვე დაყარა ფარ-ხმალი ტოტალიტარიზმთან იდეოლოგიურ ბრძოლაში და ე.წ. “დეტანტის“ მეშვეობით იმედოვნებს საკუთარი სტატუს ქვო-ს შენარჩუნებას. საყოველთაო, უსაზღვრო დემოკრატიზმი გამართლებული იქნებოდა მაშინ, კაცობრიობის თითქმის ნახევარი რომ არ იყოს გამომწყვდეული ტოტალიტარიზმის მარწუხებში, იმ ტოტალიტარიზმისა, რომელიც წალეკვას უქადის ცივილიზაციისა და კულტურის ყველა მონაპოვარს. დემოკრატიული სისტემები თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ტოტალიტარიზმის ძლევამოსილ თვითნებობას მთელს მსოფლიოში, რითაც საკუთარი იდეებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმეს ემსახურებიან უნებლიედ. უახლოესმა ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ისინი უძლურნი არიან იხსნან კაცობრიობა ამ უმთავრესი სოციალური ბოროტებისაგან. დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის დაპირისპირება საბოლოოა. სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა, ევროპული ჰუმანიტარული ტრადიციების ერთის მხრივ და აზიური, თურანულ-მონღოლური ბარბაროსობისა და ტირანიისა, მეორეს მხრივ. თუმცა ეს უკანასკნელი დღეს ევროპიდან ფილოსოფიური სუროგატით და სოციალური ყალიბით ინიღბება. ტოტალიტარიზმსა და დიქტატურას უნდა დაუპირისპირდეს სამართლიანი, ახალი ტიპის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული წყობილება, ვინაიდან დასავლური ტიპის წყობილებანი მხოლოდ აძლიერებდნენ ტოტალიტარიზმსა და ძირს უთხრიდნენ საკუთარ თავს.

შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის სამხედრო ეკონომიკაც კი დასავლეთის ფინანსებითა და ტექნოლოგიებით იკვებება. რაოდენ კეთილშობილური და პრინციპული არ უნდა იყოს ისეთი პიროვნებების მცდელობა, როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული? საზოგადოებაში, სადაც Commonwelth-ისა და Prosperity-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავარ ღირებულებებად. განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი Commonwelth -ისა და Prosperity-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას იგი ეწევა.

სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის ჭაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად. კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს.

დღევანდელი ადამიანისთვის მთავარია, რომ მან შეიგნოს დილემის არსი, დილემისა, რომელიც თავად განგებამ წამოუყენა.

დღეს პიროვნებებსა და ერებს: ან თვითდათმობა იდეალისთვის, საწუთრო კეთილდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა ჭეშმარიტებისათვის, მოქლაქეობრივი თავდადება, ან მიყოლა ცხოვრების დინებისა, განდგომა ყოველგვარი სულიერი იდეალებისგან და აპათიისა და დეგრადაციის გზაზე დადგომა. პირველი გამოიწვევს კაცობრიობის სპირიტუალურ და სოციალურ აღორძინებას, მეორე კი – ტოტალურ დეჰუმანიზაციასა და ქაოსს, რისი აშკარა ნიშნების წინაშე უკვე ვდგავართ დღეს. ტოტალიტარიზმის სცილასა და აღვირახსნილი “დემო­კრატიზმის“ ქარიბდას შორის მშვიდობით გავლა კაცობრიობის მთავარ მიზნად უნდა იქცეს დღეს.

სოციალიზმმა გააბატონა ცრუ იდეალი ფიზიკური შრომის გმირობისა, რათა მოესპო გაგება ჭეშმარიტი გმირობის, ადამიანთა მოდგმის სულიერი აღორძინებისთვის ბრძოლის ასპარეზზე. მან მოითხოვა ადამიანებისაგან თვითდათმობა ფიზიკური შრომის ასპარეზზე, რათა ფარულად დაეგმო ის გმირობა, რომელსაც მოითხოვდა სინდისის ხმა ადამიანში. დიახ, სწორედ სინდისის კატეგორიის ნიველირება და უარყოფა საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გამძლე მანქანად ქცევისა, მანქანად, რომელსაც გარედან მართავს სოციალური ნება და არა შინაგანი სულიერი თვითშეგნება.

სოციალისტურმა ტოტალიტარიზმმა კირკესეული ჯადოქრობით ღორებად აქცია მასა, მაგრამ მან ვერ შესძლო ერთგულ პიროვნებათა ამგვარი ტრანსფორმაცია. ამ პიროვნებებმა შეინარჩუნეს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, შეინარჩუნეს ნათელი თვალთახედვა გარემო მოვლენებზე. მათი დეზორიენტაცია ვერ შესძლო თვით დახვეწილმა დემაგოგმაც კი. აქედან გამომდინარე, ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში მაინც არსებობს ინტელიგენცია, თუმცა არცთუ შორეულ წარსულში ადგილი ჰქონდა მისი საყოველთაო განადგურების ცდებს. და აი, სწორედ ამ ინტელიგენციას დასჭირდა ყველა ფენაზე მეტი პასუხისმგებლობა დილემის წინაშე, ვინაიდან იგი გაბრუებული, დეზორიენტირებული მასების მსგავსად ვეღარ იტყვის, რომ ვერ ხედავს ან არ ხედავს ამ დილემას. ინტელიგენცია, თუნდაც [2×7] სოლჟენიცინისეული “ობრაზოვშჩინა“, თვით ე.წ. “პარტიული“. ე.ი. “კომუნისტური ინტელიგენცია“ აშკარად ხედავს ამ დილემას, ვინაიდან მის დანახვას დღეს არ სჭირდება არც ფრიდრიხ ნიცშესეული ინტუიცია, არც ილია ჭავჭავაძისეული, ან ტოლსტოისეული მორალური პასუხისმგებლობის მაღალი შეგნება.

ამრიგად, თანამედროვე დემოკრატიის უძლურებისა და კრიზისის მთავარი მომენტი იმაში გამოიხატება, რომ იგი თავადვე კვებავს იმ ურჩხულს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შთანთქას იგი (არსებობს ლენინისეული თეზა: «კაპიტალიზმი თავადვე მოგვყიდის თავისავე ჩამოსახჩობ თოკს»).

და აი, ამ დილემის დამნახველი ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს გზას მარტვილობისას, თვითდათმობისას, უთანასწორო ბრძოლისას ციხეებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ჭანგებით აღჭურვილ ურჩხულთან. ეს გასაგებიცაა. უფრო იოლია თვალის დახუჭვა, საკუთარი პოზიციის გამაგრება «კეთილგონიერებით», «შორსმჭვრეტელობით», ან თუნდაც დევიზით: «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან». უფრო მეტიც, ოპორტუნისტულად განწყობილი ინტელიგენცია დღეს კი ინიღბება «გონივრული ინტელიგენციის» ნიღბით, ვითომდა ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებით, ვიდრე «კედლისათვის თავის შეხლაა». ამიტომ გამრავლდა ჩვენში «მინიშნებითი, წამყოფითი ლიტერატურა», ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას თვით ტოტალიტარული ხელისუფლება ზოგჯერ ფარულად თავად უწყობს ხელს, რათა შექმნას ილუზია სიტყვის თავისუფლებისა, ლიბერალიზაციისა, რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით «რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართული». ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება ან პირდაპირი რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერებისა, დისიდენტების დისკრედიტაცია, როგორც «უტაქტო», «დიპლომატიას მოკლებული ადამიანებისა», ან ფრთხილი შეფასება, როგორც «ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა», ზემოხსენებულ «ბრძენ ოპოზიციონერთაგან» განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც დისიდენტები რეალობის გრძნობას მოწყვეტილი ხორცმეტები, ან “დემაგოგი ავისმჩხრეკელი ნაძირალები“ არიან, ხოლო სუკ-ის აგენტები – “ჭეშმარიტ ინტელიგენციას“ წარმოადგენენ.

ისევე, როგორც, მაგალითად, იაპონიის საწარმოთა ხელისუფალთ ურჩევნიათ დადგან რეზინის ქანდაკებები მუშებისათვის საძულველი მექარხნისა, რომელსაც ყოველი მუშა უროს ურტყამს თავში, ვიდრე მოხდეს ნამდვილი გაფიცვები, ასევე ურჩევნია საბჭოთა რეჟიმს მოჩვენებითი, აღვირამოდებული ოპოზიციის არსებობა ჭეშმარიტი ოპოზიციისათვის დასაპირისპირებლად. აი, ფარისევლური აზრი ფსევდოოპოზიციისა ტოტალი­ტარულ ქვეყნებში (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ტოტალიტარული ცენზურა ზომებს ვერ იცავს ჯეროვნად, ზოგჯერ მასაც ღალატობს ალღო და სათანადო ზღვარს ვერ უწესებს თავის მიერვე სტიმულირებულ ფსევდოოპოზიციურ გამოხდომებს, რის შედეგადაც ხშირად, მათი ხელით, უნტეროფიცრის ცოლივით, საკუთარ თავს გაიროზგავენ ხოლმე). აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ეს მოვლენა მაინც ფრიად საგანგაშოა ტოტალიტარი­ზმი­სათვის და კრიზისს მოასწავებს მის შიდაპოლიტიკურ ფრონტზე, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეჟიმისათვის არასასურველი შედეგები. საერთოდ, დემოკრატიული სისტემების შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას უპირისპირდება მათი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო არასტაბილურობა, ხოლო ტოტალიტარულ ქვეყნებში პირიქითაა საქმე: შინაპოლიტიკური არასტაბი­ლურობა სულ უფრო და უფრო საცნაური ხდება მაშინ, როდესაც საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით მათი ექსპანსიონიზმი და გარეგანი ძლიერება ყველასათვის თვალსაჩინოა.

რაც შეეხება კაპიტალიზმს, იგი, ყოველგვარი თეორიისა და დემაგოგიური ქადაგების გარეშე, პრაქტიკულად ნერგავს კულტს სიმდიდრისა და კომფორტისა, ამსოფლიური კეთილდღეობისა, რითაც უნებლიეთ, მაგრამ მაინც მტრობს კაცობრიობის მაღალ იდეალებს. ადამიანში აჩლუნგებს წყურვილს თავგანწირვისას, მსხვერპლის გაღებას, ანვითარებს ეგოიზმს, ანგარებასა და პატივმოყვარეობას. კაპიტალისტთა შორის მრავალს ურჩევნია არაფრით დაზარალდეს მისი ბიზნესის მწარმოებლური ინტერესები, ვიდრე ამის ფასად გადადგან თუნდაც ერთი მორალური ნაბიჯი, გაიღონ მცირე მსხვერპლი მაინც ზნეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი კარტერი, როგორც აღმზრდელი, სწორედ ამ სფეროზე ზეგავლენით თუ შეფასდება. აქ გამოჩნდება მისი ავტორიტეტის ძალა, შთაგონების უნარი. მან უნდა გარდაქმნას კაპიტალის მსახურნი თავისუფლების იდეის მსახურებად. კაპიტალი უნდა გახდეს ხელშემწყობი კაცობრიობის ზნეობრივი გარდაქმნისა.

ასე, რომ კაპიტალიზმის ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დასთმონ სნობიზმი, კომფორტის სიყვარული, მოგებისა და სარგებლიანობის კულტი. სოციალისტურ ქვეყნებში კი ადამიანებმა უნდა დასთმონ შიში, ვიწრო ეგოისტური კარჩაკეტილობა, ასოციალურობა, მოქალაქეობრივი დეზერტირობა, ფილისტე­რული თვითკმაყოფილება და აგრეთვე თვითმოტყუება ფსევდო­ოპოზი­ციონერობით. შენ დაბრძანდები დიდი ქალაქის ქუჩებში, ვიწრო მეგობართა წრეში ოპოზიციურად ყბედობ, სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც ნელი წამებით კლავენ, აავადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან, შენთვის ისინი «არაპიროვნებანი» არიან. როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი შენ თავად ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის, ყბედობის სენით დაავადებული. თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტების გამოგონებასაც: „უცნაური“, „დონ-კიხოტი“, „პოზიორი »; იწყებ მის წვრილმან ნაკელში ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ, გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ…[17]

სამწუხაროა, მაგრამ ამგვარ გზას დღეს ჩვენში უპრინციპო ან უმსოფლმხედველო ხალხი როდი მიყვება მხოლოდ. აქ “ქრისტიანთა“ ხმებიც გაისმის, კვიეტიზმის მქადაგებელთა, ისინი გმობენ ხმის ყოველგვარ ამაღლებას ბოროტების წინააღმდეგ. ეს სიტყვით ქრისტიანები, ხოლო საქმით გაიძვერა ფარისევლები საღმრთო წერილსაც კი იშველიებენ თავიანთი სილაჩრისა და სიბილწის გასამართლებლად, თან ავიწყდებათ უზენაესი ცოცხალი მაგალითი საღმრთო წერილისა, იესო ქრისტე, რომელიც ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის, სიმართლისა და სიქველის იდეალებისათვის, ბოროტების მხილებისათვის ჯვარს ეცვა. ამ ადამიანებს კი ჯვარცმა უკიდიათ ხშირად თავიანთ ოჯახში მოოქროვილი, ვითარცა კედლის სამკაული, ხოლო თავად არ სურთ ეცვან ჯვარს, ასეთ “ქრისტიანებს“ ჭეშმარიტად ათეისტები სჯობიან, რომლებიც ადამიანის ღირსებებისათვის და უფლებებისათვის იბრძვიან უშიშრად. ამ ათეისტებმა, მართალია სულიერად ვერ გააცნობიერეს დილემა, მაგრამ იგრძნეს იგი ესოდენ ძალუმად, რომ მათი ცხოვრება მთლიანად გარდაიქმნა, მათი ნებელობა ღვთის სამსახურში ჩადგა, ისინი დიდი გულისა და შეგრძნებების ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად, საღვთო გზასაც პოულობენ ხოლმე თავიანთი მაღალი იდეალის სამსახურში ან იმ ცხოვრებისეული ტანჯვის შედეგად, რომელიც გარდაუვალი ხდება მათთვის ამ გზაზე.სიმართლისათვის თავდადებამ არ შეიძლება არ მიგვიყვანოს სიმართლისა და სიკეთის წყარომდე – ღმერთამდე.

P.S. “დილემა კაცობრიობის წინაშე“ თავის ავტორთან ერთად დააპატიმრეს 1977 წლის 7 აპრილს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან მხოლოდ 1991 წლის იანვარში. ვფიქრობ, მას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა და თუ ეს ასე არ არის, მაშინ კულტურულ-ისტორიული ღირებულებების თვალსაზრისით მაინც იქნება საინტერესო ჩემი იმდროინდელი ნაფიქრ-ნატანჯი. (ზ.გ.)

სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

ზვიად გამსახურდია

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას – ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფალი ღვთისგანაა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა – ღვთისგან.

რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ – მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი”, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღდველო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.

მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება”, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.

აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (ტემპლუმ), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად, ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “ტემპლუმ ომნიუმ ჰომინუმ პაცის აბბატ” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი “ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვით­ცნო­ბიე­რებელ ხალხს.

მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთო ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს – საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.

“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი, ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.

მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.

გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელს და აბო ტფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”! რწმენას სასწაულები ძალუძს.

ანტიქრისტე თავად უდიდესი ცრუწინასწარმეტყველია. ასე რომ, არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. რელიგიასა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტეს უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის დიდი უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა: “1993 წელი არმაგედონის წელია, წელს აღდგება მკვდრეთით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო”. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასო­წარ­კვეთილმა შვილდაკარგულმა მშობელმა ირწმუნა ეს და იწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი, რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს, დარწმუნებული ვარ, პუტჩისტური სუკ-ი დიდ იმედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს.

ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი.

თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდე­ლოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.

როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.

ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.

მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.

ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.

ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.

ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით.

სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.

ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.

ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ”. (იოანე, 5,43). ეს “სხუაი” ანტიქრისტეა. იგი მოვა მომავალში, მაგრამ მისი წინამორბედნი უკვე მოდიან და ვაი მათ, ვინც მათ შეიწყნარებს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ მევენახეთა იგავი მარტო ისრაელის სამღვდელოებას კი არ ეხება, არამედ მთელს კაცობრიობას. უფალი არ ჩქარობს შურისგებას, მაგრამ ამავე დროს გვაფრთხილებს: “ჩემი არს შურისგება და მე მივაგო”. ამასთან, აუცილებელია, რომ ათეისტებმა და არამართლმორწმუნეებმა არ გვაჯობონ მოყვასის სიყვარულში და სიმართლისათვის თავდადებაში, მამულის ერთგულებაში. ერთი დისიდენტი მღვდელი ამბობდა: – დღეს ქრისტიანები როდი აღსდგნენ ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებებისათვის საბრძოლველად, არამედ – ათეისტებიო. ასეთ ქრისტიანებს მე იმ მღვდელს ვადარებ, რომელმაც ნახა გზაზე ყაჩაღთა მიერ გაძარცვული, ნაცემი და ცნობამიხდილი კაცი და არ მიეშველა, თანა წარხდა, ხოლო ის ათეისტები, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეობრივი შემართება, მე შევადარე კეთილ სამარიტელს.

დღევანდელი დღის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ათეისტებმა და კომუნისტებმა მიატოვეს ბრძოლა რელიგიასთან. მეორე მხრივ, ეშმაკსაც სწამს და შიშით ცახცახებს კიდეც ღვთის წინაშე, მაგრამ გამოსწორება არ ეტყობა.

“სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს!” – ბრძანებს იაკობ მოციქული. ვიყოთ ქრისტიანები და გეორგიანელები საქმით – აი, ჩვენი მოწოდება.

“შანსი”, # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი 15 ივნისი, 1993 წ.
იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით

პასუხი გაზეთ „სამანის“ გ.ანდრიაძეს

პასუხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაზეთ “სამანის” რედაქტორის, ბ-ნ გიორგი ანდრიაძის შეკითხვებზე

გვიან მივიღე თქვენი წერილი და ამიტომაც დამიგვიანდა პასუხი. ფრიად კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ დღეს ჩვენს ახალგაზრდობაში მაინც არის ჯანსაღი ძალები, რომლებსაც სერიოზულად აფიქრებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალი. წავიკითხე თქვენი გაზეთის ორი ნომერი (ივნისისა და ოქტომბრისა), და მართალი გითხრათ, გული ჩამწყდა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: ჩვენი ახალგაზრდობა დღეს არის უმწყემსოდ დარჩენილი ფარა, რომელსაც ცხვრის ტყავში გახვეული მგლები დაპატრონებიან. ისინი “გმოძღვრავენ” თქვენ და “გიქადაგებენ”, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც “ძალუძთ ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება”, “შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სტაბილიზაციისაკენ მიდის”, რომ “ბეიკერისნაირი ხალხი სიტყვას ჰაერზე არ ისვრის” (ეს ივნისში იყო თქმული), რომ “სექსუალური თავისუფლება ხელს არ უშლის ზნეობრივ სისუფთავეს” და სხვა. მართალია იქვე “ქედის” საკმაოდ პრინციპული, ეროვნულ პოზიციებზე დამყარებული პროგრამაა გამოქვეყნებული, მაგრამ ეს არ ცვლის საქმეს. მე ვერ დავინახე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ორიენტაცია. შესაძლოა თქვენი გაზეთის მომდევნო ნომრებში გამოასწორეთ ეს ყოველივე, მაგრამ მე ჯერ ხელთ არა მაქვს ეს ნომრები (სასურველი კი იქნებოდა მათი გაცნობა).

საქართველოს დღევანდელი ტრაგედია გამოწვეულია იმით, რომ მტერმა მიაღწია ეროვნული მოძრაობის გახლეჩას. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში დანერგა ისეთი კოლაბორაციონისტული, შენიღბული ფსევდოეროვნული ორგანიზაციები, როგორიც არის ედპ, “საქართველოს ახალგაზრდობის დემოკრატიული კავშირი”, “მხედრიონი”, და სხვანი. როგორც ჩანს, მათ ახალგაზრდულ მოძრაობაში ღრმად აქვთ გადგმული ფესვები, რაც თქვენი გაზეთიდანაც ჩანს. დღეს ამ ორგანიზაციების კავშირი საქართველოს მტრებთან, პროიმპერიულ ნომენკლატურულ ხუნტასთან ყველასათვის ნათელია. თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ გაემიჯნება და არ დაგმობს ამ კოლაბორაციონისტულ ძალებს, რომელთაც დღეს საქართველოს დააკარგვინეს სახელმწიფოებრიობა და იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიჰყავთ, ჩვენს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია.

სწორედ ხუნტისა და ამ ორგანიზაციების ზეობის შედეგია ყოველივე ის, რასაც თქვენ მწერთ: ძარცვა-ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, სიძულვილი, დაუნდობლობა, საეთო ნიჰილიზმი და სასო­წარკვეთა. სწორედ მათი “დამსახურებაა” იმ არაქრისტიანული, არაეროვნული, არატრადიციული ცნობიერებისა და ცხოვრების წესის დანერგვა, რომელიც ღუპავს დღეს ჩვენს ქვეყანას, მათგან მოდის აგრეთვე ფსევდოდასავლური ორიენტაცია, ეროვნული და ზნეობრივი გადაგვარება, ყოველივე ამას ისინი შეგნებულად ნერგავენ, რითაც იმ დიდი სატანისტური საძმოს დავალებას ასრულებენ, რომელმაც მოავლინა ისინი საქართველოში და ჩააბარა საჭე ხელისუფლებისა. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვებს.

I. ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ფასეულობათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ძველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდელურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა, რუსთველური მსოფლმხედველობა. ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული, ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა. უფრო დეტალურად ყოველივე ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წიგნებში “საქართველოს სულიერი მისსია” და “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”. სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები, ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას. მაგრამ გახსოვდეთ იოანე მახარობლის სიტყვები:”და ვიხილე მხეცი იგი და მეფენი ქვეყანისანი და მხედრობანი მათნი შეკრებულნი ბრძოლის ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მხედრობისა მისისა მიმართ. და შეპყრობილ იქნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუმწუბითა. და სხუანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა ზედა მჯდომარისათა, რომელი გამოვიდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი გაძღეს ხორცითა მათითა” (იოანეს გამოცხადება, თ.19, 19-21).

II. მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი, ორივენი მფარველნი არიან ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, ამ ორი წმინდანის სახელობის ეკლესიები ყველას სჭარბობენ საქართველოში. ქართული რელიგიური ელიტის აზრთამპყრობელნი მუდამ მართლმა­დიდებელი მამები იყვნენ, შემთხვევითი როდია რომ ორი უდიდესი მათგანი იოანე ოქროპირი და მაქსიმე აღმსარებელი საქართველოს მიწაში არიან დაკრძალულნი. მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. ეს მიუთითებს მართლმადიდებლობის პრიორიტეტზე. დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

III. სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნო­ებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიღილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

IV. ანთროპოსოფია არ არის რელიგიური აღმსარებლობა, იგი არ არის სექტა ან ორდენი. ეს არის შემეცნებითი მოძღვრება მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული. მე მესმის ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვასაც გავეცი სათანადო პასუხი ჩემს წიგნში “საქართველოს სულიერი მისსია”. აქაც გეტყვით: მეც და მერაბ კოსტავასაც ყველა ფილოსოფიური და სულიერი მოძღვრება შეგვისწავლია ყველა ერისა, ეს ჩვენი შემეცნებითი ძიებები იყო, რაც არასოდეს უშლიდა ხელს ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. ასეთ ჭორებს ავრცელებენ უწიგნურნი, უმეცარნი, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგიისა და შემეცნების მიზნები. დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე. ბასილი დიდი არ უკრძალავდა თავის მოწაფეებს პლატონისა და არისტოტელეს კითხვას, დავით აღმაშენებელიც თავისი დროის ყველა მოძღვრებას სწავლობდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია, ასევე იყო რუსთაველიც, რაც ჩანს მისი პოემიდან. ასე რომ ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს. რელიგიურ და შემეცნებით საკითხებზე მსჯელობა მათი საქმე არ არის.

V. დასავლურ უზნეობას და კულტურის სუროგატებს თავად დასავლეთშიც ჰყავთ მოწინააღმდეგეები. რატომ მათ არ ბაძავენ ჩვენში ესოდენ გამრავლებული მოტრფიალენი “დასავლური ცხოვრების წესისა”? საქმე ის გახლავთ, რომ ამით შეგნებულად სურთ ქართული ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ზნეობის განადგურება, რათა უკეთ გადააგვარონ და მოსპონ ქართველი ერი. სხვათაშორის 1921 წელს საქართველოს დაპყრობისთანავე ბოლშევიკებმა თბილისში დააარსეს “ცეკვისა და პლასტიკის კურსები”, სადაც ზნეობრივად რყვნიდნენ ახალგაზრდობას. დღეს მათი სულიერი მემკვიდრეები იმავე იარაღს იყენებენ. ამიტომ გთხოვთ, ძალიან ნუ გაგიტაცებთ “სილამაზის კონკურსების” მოწყობა და სხვა მსგავსი ღონისძიებები თმამოშვებული და საყურეებიანი “მამაკაცების” მონაწილეობით.

VI. სხვათაშორის დღევანდელ დასავლეთში მამაკაცთა ემანსიპაციის მოძრაობაც დაიწყო, რაც იმის ნიშანია, რომ ხედავენ ქალთა ემანსიპაციის გადაჭარბებული, ცალმხრივი განვითარების საფრთხეს.

VII. ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული. ქართული რაინდობა, იბერიულ-კავკასიური რაინდობაა ამ ჩაცმულობაში და ქალური კდემამოსილება. მე არ გეუბნებით დღეს ჩოხებითა და ქართული კაბებით იარეთ მეთქი, მაგრამ ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში.

VIII. ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივი­ზა­ციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში
ზვიად გამსახურდია

1993. 27. თებერვალი

მახვილი მხილებისა

ზ.გამსახურდია

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო! თავისთავად გასაგებია ქართველი მორწმუნე საზოგადოების სურვილი (მით უმეტეს, ყოველივე მომხდარის შემდგომ), გაიგოს თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცისა და პრეზიდენტის კომპეტენტური აზრი იმის თაობაზე, თუ ამჟამად მართლმორწმუნე მამულიშვილმა ღვთისა და ერისადმი სრულყოფილი მსახურებისთვის რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს.

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფ­ლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.

რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტი-ქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი”, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღვდელო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღსდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.

ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო. მაგრამ, როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა მხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და გასათვალისწინებელი მიზეზებით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე (თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით) ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირისა და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალში, რათა მათ ამით ერთის სიძულვილით მეორეც შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ…

შეკითხვა: როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველზე უკეთურნი ბოლომდე ვამხილოთ და ამავე დროს საზოგადოება ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ დავაბრკოლოთ? ამისთვის მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ რა უნდა მოიმოქმედოს?

მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება”, რაც აგრეთვე, ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლ­მხი­ლების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავის გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეაგზავნის. “ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”. აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა, რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეას, მით უფრო სრულყოფილია იგი”. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum). ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum omnium hominum pacis abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს. მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისაგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს მთავარი ეკლესია.

“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ, გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.

რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, იგი კვლავ ღვთის მადლის მატარებლად რომ დარჩეს, ამისათვის საჭიროა “ტაძრის მსახურთა” კეთილმსახურება, ე.ი. ჩვენ შემთხვევაში – ბოროტმსახურთაგან ტაძრის განწმენდა, რასაც მხოლოდ სრული საეკლესიო კრება ახორციელებს, მთელი მართლმადიდებელი ერის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით.

მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყვლებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.

შეკითხვა: დღევანდელი სულიერი სიდუხჭირის ჟამს შეძლებს თუ არა ერი, რომ მისმა ძირითადმა ბირთვმა ეკლესიური და ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს, სახელმწიფო კი ამგვარი საზოგადოებრივი ყოფის დამცველი გახდეს, თან ისე, რომ არ შეიზღუდოს არამართლმორწმუნეთა ადამიანური უფლებები?

გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლ­მო­რწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელსა და აბო თბილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”. რწმენას სასწაულები ძალუძს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციას 1990

დიდად სასიამოვნოა ჩვენთვის ამ კონფერენციის მოწვევა, მაგრამ არ არის დასამალი, რომ ჩვენ ახალგაზრდობასთან პრეტენზიები გვაქვს. იცით, რომ ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი დასაყრდენი ჩვენი მოძრაობის. მაგრამ, კარგად გამიგეთ, არ იფიქროთ, რომ აქ ან რექტორს მოველაპარაკე, ან პედაგოგებს. ეს ჩემი აზრია. ვიფიქროთ ძირითადად იმ საქმიანობაზე, რისთვსაც თქვენ ხართ ამ დაწესებულებაში. სხვა საკითხია, რომ განათლების სისტემას სჭირდება რეორგანიზაცია, გაუმჯობესება. ამისთვის ჩვენც ვიბრძვით, თქვენც იბრძოლეთ. მაგრამ აკადემიური მოსწრება რასაც ჰქვია, ეს არანაკლებ სერიოზულია, მეგობრებო, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ გეგონოთ ტრადიციული ჭკუის დარიგება თქვენზე ასაკით უფროსი ადამიანის მიერ, არა, მეგობრებო! მე ამას გეუბნებით, როგორც თანამებრძოლებს და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, სპეციალობაში კარგად მომზადებული ადამიანები. ეს არ უნდა იყოს უწიგნურთა მოძრაობა, სხვაგვარად არ გამოვა, მეგობრებო! სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები ჩვენ ნუ გვიტაცებს. არ გვაქვს ჩვენ ისე ცუდად საქმე, მეგობრებო, რომ თქვენს ხარჯზე მოვაწყოთ გაფიცვები. მთელი საქართველო ჩვენთან არის. რა გვიჭირს იმის ფასი, რომ თქვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში. აი, მე გთხოვთ ყველას, გთხოვთ სერიოზულად, მეტი იფიქროთ პროფესიის დაუფლებაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ვართ უსაქმურთა და ზარმაცთა თავშესაფარი. მე ეს ნოემბრის შიმშილობაზეც ვთქვი, აპრილის დღეებშიც ვთქვი, ყოველთვის ვამბობდი ამას, მეგობრებო და ეხლაც ვიმეორებ.

მეორე ამბავი ის არის, მეგობრებო, რომ ძალზე მძიმე მდგომარეობაა ზნეობის თვალსაზრისით. ას შვიდი მკვლელობაა ამ უკანასკნელ ხანში თბილისში და ამას სჩადიან უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანები ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად და მათი ფოტობრალდებებით და ბიოგრაფიებით “უკვდავყოფთ” მათ, როგორც ერის მოღალატეებს. სხვა გამოსავალი არ არის.

თან გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს ყოველივეს. ძალიან გთხოვთ, აი, ამაში ამოგვიდგეთ მხარში. ჩვენ პოლიტიკური თეორიების შექმნაში მოხმარება არ გვჭირდება. კი, ბატონო, თქვენც შექმენით, მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დავღუპოთ ერი, მეგობრებო!

მინდა, კიდევ გისურვოთ, რომ ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში. ღვთისმეტყველების და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება, მეგობრებო! ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური განათლება. მოვექცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად, ვინაიდან “სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს”, როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. აი, ეს არის ჩვენი სურვილები.

ისევ ზნეობას დავუბრუნდეთ. საშინელი მდგომარეობაა სკოლებში ზნეობის მხრივ. რა მეტყველებაა, რა მეტყველებაა სკოლებში; რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპართა სარწმუნოება, გადავიდა საშინელ მეტყველებაზე, რომელიც ყურით არ მოისმინება. აი, რას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ პოლიტიკურ საკითხებზე და მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის და თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის, როდესაც დავდივარ სკოლებში. მეტყველება სულის ანარეკლია, მეგობრებო! ის სულის გამოხატულებაა. ეს ამ კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ასე ადამიანები, კომუნისტურმა წყობამ წაართვა რელიგია, ზნეობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვინდა, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, მეგობრებო! ესეც უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელები, მე დიდ დავით გურამიშვილს გაგახსენებთ. როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და მის უბედურებას რელიგიის დაკარგვას და ზნეობის დაცემას. ხომ გვახსოვს ყველას “ქართლის ჭირი”.

მე კიდევ ვიმეორებ და გთხოვთ, რომ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, მთელ საქართველოში ის მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი.

სიტყვა წარმოთმქულია
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის
პედაგოგიური უნივერსიტეტის
სტუდენტთა კონფერენციაზე 1990 წელს
მასალა ჩაიწერა და მოამზადა დალი ქვირიამ

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მომდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩვენები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს — გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ — თავისუფალმა საქართველომ“! გილოცავთ ამ გამარჯვებას მეგობრებო.

ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის.

მაგრამ ამასთან მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინება.

… უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუფასურება – აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი და უმთავრესი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში დიდი საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არამარხოლოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერ და კულტურულ არსებობას და კულტურულ ფასეულობებს. დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა.

გადაუდებელია განათლების სიტემის რადიკალური რეფორმა… უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება. უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ.

ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნით ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა — აწ და მარადის და უკუნისიადნ უკუნისამდე!

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

ვიდეოდოკუმენტი:
http://www.youtube.com/watch?v=Q1GvayknhYg

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

28 ოქტომბრის შემდეგ განვლილი პერიოდი გახლდათ ურთულესი გამოცდა როგორც ხალხის ისევე მის მიერ არჩეული ხელისუფლების და მთავრობისათვის. ვინაიდან მძიმე და ეკლიანია თვისუფლებისაკენ მიმავალი გზა. მითუმეტეს ძნელია ამ გზაზე ყოველდღიური სიარული — როდესაც გაივლის პირველადი ენთუზიაზმი, გამოჩნდებიან პირველი, და სამწუხაროდ არა უკანასკნელი შეცთომილნი და გზააბნეულნი, როდესაც — ფიზიკური შეზღუდულობა ადამიანისა, ამქვეყნიური ხორცისმიერი პრობლემები თითქოს-და შურს იძიებენ შინაგანად უკვე თავისუფალ ერზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება თავისუფლებაზე, სტიქიური მოქმედება მისი სახელით შეუდარებლად უფრო იოლი იყო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი, რეალურ სამუშაოდ ქცეული ეროვნული აღორძინება.

დღეს უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ურყევია ქართველი ერის ნება დააღწიოს თავი იმპერიულ ბორკილებს. იგი თანმიმდევრულად და მტკიცედ ადგას ამ გზას. ეს არ გახლავთ მოულოდნელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის დიდ გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს. მხოლოდ ღვთის შეწევნითა და თითეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას.

ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლმხედველობისა და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება — ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი.

– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;

– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;

– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;

– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;

დღევანდელი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი – რედ.] მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;

– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;

– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;

– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;

– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;

– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;

– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთებისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;

– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

ქალბატონებო და ბატონებო

– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.

– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – დღეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.

დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.
დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

1991 წლის 7 ივნისი

* * *

ვიდეო დოკუმენტი:
http://www.youtube.com/watch?v=Rn1ja0DApDw

_______________________________

Advertisements
კატეგორიები:ანალიტიკა
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: